Saturnheads


აიენ

აიენ
ტყის სიზმრები ხანდახან დავიწყებულ მკვდრებს ჰგავს
ნაბიჯებში დაკონსერვებულ მოგონებებს
და ჩრდილი სადაც დატოვებულია შენთვის კენკროვანი სახლი
შესაძლებლობაა მე მძულდე.
აიენ
ამ ჩამოტანილ საჩუქარს ჭაობის ფერი კაბის ფორმა აქვს.
კედელზე ჩამოკიდე და მერე წადი.
ჩალურჯებული ჰემატომები სახურავის ზრდასრულ სხეულზე
სადაც მოდიან სხვა აჩრდილები …დასკდება და ისედაც დამაყრის თავზე სიცარიელეს.
მოულოდნელობის ეფექტი არ იქნება.
ზურგში კადრებივით მჩხვლეტავი სივრცეებია
შეგიძლია შეიწმინდო ხელები და ისე გაქრე
როცა გაცვია ჭაობის ფერი კაბა
როცა ტყის სიზმრები ნაბიჯებში კი არა, უკვე ძარღვებშია.
როცა სუიციდი ტროპიკული ინფექციაა,
ტრიალებს ჰაერში და მემუქრება
როცა აპრილი ქაღალდის ქარია მხოლოდ
ფრაზები ოღონდ სუბსტანციის გარეშე
და შენ გემუქრება
მზემ ერთხელ უკვე გატოპა შენს სისხლში
მახსოვს თქვი მაშინ:
ფეხშიშველი რომ ყოფილიყო რა პოეტური იქნებოდაო
და გაიღიმე.
ლამაზი იყო შენი სხეული და ამაზრზენი ჩემი მცდელობა
არ დამენახა ამაში რაიმე განსაკუთრებული
მაგრამ აიენ ჩვენ ყველა
თითქმის შეშინებული თვალები ვართ.
ჩვენ ყველა, აიენ, რეფლექსები ვართ საკუთარ სხეულზე სოკოსავით დაყრილები
და ხშირ შემთხვევაში გვინდა რომ გადავრჩეთ ხანდახან სხვებში..

დილა ჩრდილს იწყებს.
აიენ,ჩემო აიენ
დილა ჩრდილს იწყებს.

ამ ჩამოტანილ საჩუქარს ჭაობის ფერი კაბის სუნი აქვს.
კენკროვანი სახლის კარებს შეატოვე და ისე გადი.

მირკანი


Leave a Reply

Discover more from Saturnheads

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading