შეხედე
ხის მხოლოდ ერთი ტოტი ქანაობს
დანარჩენები მის ჩრდილში გამოყოფენ მოძრაობის მიმართულებას
შეხედე სანამ ჩამოივლის მოგუგუნე მატარებელი
და შემდეგ
მინები აირეკლავს სახეებს გამთენიისას
რომლის ნისლშიც წამოცმული თევზები ფართხალებენ ანტენებზე
ლოგინებიდან გამომძვრალი თინეიჯერები ფეხს ჰყოფენ ჭუჭყიან ფეხსაცმელებში და
მიემართებიან ერთმანეთის დასაზვერად
მოთხოვნადობისგან განზე მდგარ დღეთა მწკრივში
ყოველი დღე მათ სთავაზობს კარტოფილის ჩიფსებს Käsebrotchen – ებს და თავბრუსხვევას
American Spirit – ისგან
მერხებზე დადგმული ცოფიანი ლიმონათები და ენერგეტიკული სასმელები აღაგზნებთ
სკოლის მასწავლებლებს რომლებიც არარსებული ჯანმრთელი ცხოვრებისკენ მოუწოდებენ
მოსწავლეებს
მათ დაავიწყდათ დიდი ხნის წინ გამდნარი მოუმართავი ახალგაზრდობა მათ მიიწებეს
მკაცრი სახეები შეირგეს მოწესრიგებული საუზმე და მშრალი რეჟიმი
ყოველ დილით ერთი და იგივე დროს იგივე უცნობი სახეები ერთმანეთს ეფეთებიან თავის
დაკვრით და გამოუცნობი ღიმილით
ჩემს ყურადღებას ცხელი სუპივით ხვრეპს მატარებლის მინაზე აკრული გოგოს სილუეტი
შტაზის აგენტი გრაფიტის სამყაროს მიღმა კათედრალების მდუმარებაში ყვინთავს
ის ლოცულობს ყვითელ სახლში ცხოვრებაზე
მას თავზე კომუნიზმით აღჭურვილი ღმერთი ადგას და სთხოვს ანგარიშს
დღის დასასრულს მე ვივიწყებ ამ ყველაფერს და ქორფა ბალახზე იგი პოპის შეშლილ
რიტმებში ვხტი


Leave a Reply