Saturnheads


პისარნიკი და დაფნის ფოთლები


ამაღამ ამ გზაზე
ვნების სურნელი ამოვიდა ჯიბიდან
სადაც ერთმანეთს არ საზღვრავდნენ
პისარნიკი და დაფნის ფოთლები

ფოსფორული ზმანებები
ჩემი ბალიშის ზემოთ წიგნების თაროა და არ ძინავთ ზედ მიკრულ ფოსფორის დელფინებს,
როცა მე მძინავს. მეღვიძება და მათ განლაგება-მოხაზულობაში ვხედავ შენს ზღაპრულად
გაღიმებულ ფოსფორულ სახეს
მეზმანა, რომ მძინარეს დამყურებდი სახეზე, როგორც მე დაგყურებდი ხოლმე და ვერ
ვხვდებოდი სად ვიყავი, ჩემთან თუ შენთან, რადგან მხოლოდ ცივი გონების სპექტაკლში
არსებობდა „ჩემი“ და „შენი“ რომლებიც არ მქონდა, იქამდე სანამ შენი სახე გაქრებოდა და
პლასტმასის დელფინთა აბსტრაქტული განლაგება გამოჩნდებოდა
მეუბნები, რომ შევწყვიტო
მე ვერ შევწყვეტ იმას რაც მე არ ჩამინერგავს ჩემში. ვერ შევწყვეტ აღმოჩენებს და ჩემი
თავის და სხვების შეცნობას, შემჩნევას ჩემში, იქამდე, სიზმრის თუ სიცხადის იმ შრეებამდე,
სადამდეც შემიძლია ვწვდე მომღიმარე ზმანებებს, რა სიბნელეც არ უნდა იყოს მათ ღიმილს
მიღმა.

მეუბნები, რომ ჩემთვის დავიტოვო
შენ არ გინდა იმის გაგება, რას აკეთებ მაშინ, როცა გძინავს, ვისთან რა სახით ვლინდებით
შენ და ის, ვისთანაც ვლინდები
მეუბნები, რომ არ გინდა
მფრთხალი ხარ და ფრთხილი მისგან თავდასაცავად ვისთანაც საფრთხეს არ აქვს ადგილი
შესაძლოა, ამბობ შენ
მფრთხალია ადამიანთა გულები ისევე როგორც ბეღურის გული ქარის ნესტარზე
წამოცმული ცოცხლად ამოღებული
მფრთხალია ურთიერთობები
მფრთხალი არაა შენი დამოკიდებულება ვიღაც შეშლილი პერსონაჟის მიმართ რადგან მან
შენს გაყინულ ფასადს მიღმა ვერ შემოაღწია, მხოლოდ გული აგიფრთხიალა წამით და კვლავ
თავის გარსში დარჩა. შენ ვერ დაუბრუნდი ამ განცდას და ფსევდოცვლილებას მას მერე რაც
ეს პერსონაჟიც მოკალი შენს სურვილთა სასაკლაოზე, მას მერე რაც უარმყოფ და უარყოფ
სხვებს რომლებიც არ ვართ პერსონაჟები
თუმცა ვართ პერსონაჟები
შენ დგახარ მაგიდაზე შუაღამის ფანჯრის მიჯნასთან და აქანავებ თეძოებს რათა
გამოდევნო სპლინი ჩემი ძილ-ღვიძილიდან იმ დროს როცა სარკმლიდან მოძვრება თერმული
კიბორჩხალის სუნი. შემდეგ მოდიხარ და ჩემსა და შენს შორის აწვენ ბობ დილანს (და მუსიკა
ისმის ისე, როგორც სრულ სიჩუმეში საბჭოთა მაცივრის ზუზუნი) რომელმაც განდევდა
სპლინი რადგან მე

დამავიწყდი სხვაგანმყოფიშენ
და შენი თეძოებიც
რომელიც აქვე მიღმიერ სივრცეში ქანაობდა და მითრევდა
თუმცა მხოლოდ წამიერად, რადგან უცბად იკივლეს მათ და ამომყარეს თბილი
ზმანებებიდან სპერმით შესაწამლ დამშრალ გუბეებამდე
შენ იცი ტკივილი ამძაფრებს ჩემს შეგრძნებებს
თუმცა არ იცი რომ ის ასევე მაძლიერებს
შენ არც ის იცი მე რომ მინიმალურად პატივმოყვარე ვარ და არ ვმიჯნავ თავს უპატრონოდ
მიმოყრილ ძვალთაგან. შეგიძლია როგორც ნანგრევებში დაობებულ მანეკენს, ისე
მომაფურთხო, გაიცინო და გზა გააგრძელო კოლექციურ ატრიბუტთა შორის

ზურა ნეფარიძე


Leave a Reply

Discover more from Saturnheads

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading