ყველა სიტყვა წყალია
როგორ უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთის გასაგებად
არავინ ვართ ვინც ეს ვიცით
ჩვენი სიჩუმე სასჯელიცაა და დანაშაულიც
გადაუჭრელ გზაზე
დავდივართ და ვიცვლით სახელებს
“ჩვენი სახელებით ვკოცნით ერთმანეთს”
პირველი ნაბიჯი ამ ენაში ჩახედვაა
სადაც მკვდარი ვარ და შეყვარებული მკვდარ სიტყვებზე
ერთმანეთთან ვერ ვკავშირდებით
ყველაფერი ისეთი მოჩვენებითია
როგორც სიზმარი
რომელშიც შენი ლექსები ფილმდებიან
ტკივილის იზოლაცია
წყლის წვეთის იზოლაცია ფოთლის კანზე
წყლის წვეთის იზოლაცია შენს კანზე
წრიული კიბეები
ცარიელი ოთახები
საპნის ტყვიები
ერთმანეთს მდინარეები გვახვედრებენ
ჩვენი გზა დაშლილია
და ეს მინდორი
და ეს ველი
პლასტმასისაა
ვუსმენ ვენდი ვილიამსს და ვიყოფი ან ვცალკევდები
ტკივილს ვერ ვგრძნობ
მხოლოდ სიშორეს
ჩვენს ქალაქებს შორის
დოქსის გალერეის კედელს ვუყურებ
ჩაუცმელი ფეხსაცმლების ჯვარცმას
რომელსაც კაფკა არწევს
ქალაქი სავსეა მისი სახელით
აცოცე ქვიშა შენს მუცელზე
შავი წყალი შენს კანზე
სიცარიელის მკრთალი ფერი შენს სახეს ეკვრება
წითელი მიწის საფლავებზე ვარ
წითელ მიწას ვაბიჯებ
ჩემი დაკბენილი ენა კი შავია – ტივტივებს ჭაობის ზედაპირზე, როგორც მონეს წყლის შროშანი, ან დამხრჩვალია, ჩემი სიტყვები არ მწვანდებიან.
რეალობა ეს ველია
ათასობით მილით ერთმანეთთან დაკავშირების ცდად ქცეული
ჩვენს მარტოობას იფარავენ დიდი კედლები
ჩვენ გზები გვიფარავენ


Leave a Reply