მაგრამ ძაღლები გაწოლილან ჩვენს ფერხთ
როგორც გულწასული ანგელოზები
ეს სურათი რომელიც არ იშლება, არ ნაცვლდება სხვა ხატებით
სიზმარში ვართ, იმ ნაწილში, რომელიც მარად დაფარულია უცნობი ფერით
და მე, ნეტარს, სამოთხის ძალის,
არ შემიძლია, გაგინაწილო ის ადგილი, რომელიც ახლა მქმნის,
რომელშიც ვარ უშენოდ შესული
როგორც გაღივებულ თესლში, და შემდეგ,
შემდეგ ხელახლა შევხედავ სახლს მისი ქუდის ქვეშ
როგორ ძველდება მთვარე,
იქნებ მისია წყალი, რომელსაც უხვად ეზიდები შენი სახისკენ
და ძაღლები მთვარის გუშაგები ხდებიან ამ ნაზ ალერსში.
მე ვხედავ შუაღამის დამავალ სინათლეს ქალაქიდან,
ვხედავ ხეს, რომელიც კარგავს ფერს,
ტყის მცველებს შორის როგორ გეცლება შუქი,
რომელიც ამბობს, რომ წავა შორს, ძალიან შორს ამ ადგილიდან,
რომელსაც მსურს ვუერთგულო ბოლომდე როგორც კვალს
დარჩენილს ფაქიზი გადაადგილებებით.
***
განა რამდენჯერ შეიძლება ამ მდინარეში შევიდე
მე როცა თორმეტი წლის ვიყავი, შენ არ მიცნობდი,
მაგრამ მითხარი, რომ დაგესიზმრე,როცა თორმეტი წლის ვიყავი
მივუყვებოდი უცხო მხარეში ყვავილთა მწკრივს
და ერთმა მათგანმა წამაქცია
შენ უმალ იქ გაჩნდი და ყვავილი, რომელმაც მე წამაქცია,
მიწის სიღრმიდან ამოგლიჯე და ჩემს თვალწინ გასრისე
მე ვტიროდი, გაუჩერებლივ ვტიროდი, რადგან მიყვარდა ის,
რამაც წამაქცია, რადგან მხოლოდ ის მიყვარდებოდა, რაც მანარცხებდა


Leave a Reply