Alles unter einem Dach/იღიმიან ძაღლები?

ამბობ

სუნთქვას მიცვლი

თითქოს დახრილი ღილები შესვენებულ წამებს ქშინავენ

მჭირდება სიტყვები რომ გადავრჩე

ჩემი ფოტოებიც სიტყვებია. ისინი მიწაზე ცურავენ ქაღალდის ნავებივით, რომ წყალს ყური მოჰკრა და ცის თხრილში ფსკერი აირეკლო.

ამბობ

შენი სახლი პატარა წყალქვეშა ნავივით იყო. თითქოს რაღაც თანდასწრებაში შევდგი ნაბიჯი. მერე სადღაც სხვა ამოვყვინთე, სადაც ფიქრებისგან დაფარული ჭუჭრუტანები ბრჭყვიალებდნენ. ვიცოდი, ფანჯარა როგორც უთვალთვალებდა ქუჩას, განდევნილი შთაბეჭდილებებით გამოკვანძული

შენ გინდა სიცოცხლე აუცილებლობის მიღმა. ვცადოთ.

ვამბობ

ჩემს ოთახში ახლაც თრთის შენი ფეხშიშველი ლანდი

რომელიც მტვრის მიღმა ეძებს იმას რასაც მინდა რომ მივაგნო ან გადავმალე

ყველასგან გამოწურული თვალებით მიყურებ

ვიწრო გუგებით

მე ერთხელ ჩავყვინთე შიგნით და დავინახე წყალმცენარეები

რომელთა შორისაც სამუდამოდ გავეხვეოდი თევზივით

ქვირითებს დავყრიდი. არ ვიდარდებდი.

მე მაშინ ვიყავი ლანდი

როცა შენ აქ იჯექი და მორცხვად ვაკვირდებოდი შენს მოძრაობებს.

ველოდები ცვლილებებს

შენი არსებობა რომ მაგნიტურად მოიზიდავს

და შეგრძნებათა ლაბორატორიაში მოთუხთუხე ნივთიერებებში განაბნევს.

ბავშვი ვარ

რადგან წამი მიქციე მუდმივობად.

ამბობ

ჭრელ-ნისლისფერ ზედაპირზე ამოვტივტივდი

სხეული უკვალოდ გაუჩინარდა ხმების სამარხებში

დაკეცილი ფიქრების ღრიჭოებში. ქვებში. ფილებში.

რბილ მზერაში გაბზარული მტვრის გამჭოლი ნაფეხურები შემაცქერდა

სისხლისღვრა სხეულში. უმდგრადობაში წუთი ტანსაცმლიანი შეყოყმანდა                        

გამოჯავრებულ უხერხულობას

ამ დროს ყველაზე მარტივია ფანჯარას მიუჩოჩდე და სთხოვო ცაჭამია ხახა დააღოს

გადახსნილ ბუმბულში ცალი მოგრძო წვეთი იპოვო დაკემსილი უშფოთველობით

და მზის ყოყმანზე ჩამოჯდე ჩურჩულნარევი სიჩუმით

თქვენი დანისლული თვალებიდან ისეთი ვჩანვარ როგორიც თქვენ გინდათ

მე არ მაქვს ის. და იწელება უსასრულოდ ბრტყელ-თიხა

ლიანდაგების ხმაურს დაჭმუჭნული ბროწეულის დალაქავებულ სუნი ასდის

როგორღაც მარტივია და რთული მიმქრალ ღამით თქვენი ფიქრების თოვლისფერი ლურჯი სიშიშვლე

ძაღლი თვალებში კვამლს აკრთობს. კბილებიდან კურკა კურკა გაუფილტრავ ღიმილს ცრის

იღიმიან ძაღლები?

კი

მათი ღიმილი ლითონისგან დასერილი მსუქანი მთვარეა უსაშველოდ რომ განშტოებულა ჩვენს ტეხილ ჩრდილებში

ზოგჯერ ძაბრისებრ სიჩუმეში ვყვინთავთ

და შენც იღიმი

მე კორექტულ ხანდისხანობაში მოვიკალათებ და გიყურებთ

გიყურებ დიდხანს ალმური წამით

იცი როგორი იყო შენი ოთახი?

როგორღაც ცხადად წარმომედგინა მისი ფანჯარა.

ვამბობ

თითქოს სიტყვებს კრიალოსანზე მარცვლავ

შემდეგ ზევით ყრი და ისინი ეცემიან ლიანდაგებს დაწყობილ სტრიქონებად

რომლებსაც მატარებელი გადაუვლის და კენჭებივით დაფშვნის

ზოგი მათგანი ასწრებს და გამორბის ჩემსკენ

რათა შეგრძნებებიდან გამოთავისუფლებულებმა

ჩემს შეგრძნებებში მოიკალათონ

გამწმინდონ სიბლაგვისგან და დამარწყულონ

რათა შევძლო და მათ ჩავეჭიდო და ვიქანაო შენსა და ჩემს შორის გამოფატრულ ჰაერში.

მინდა გადავხლიჩო ბროწეულივით ჩაჭმუჭნული შენი სიტყვების გუნდა

სახეზე დავიწურო

წითლად გავითხიერო მისით

გადამფრენ ფრინველებად ვაქციო

ხელებიდან ავაფრინო

როგორც ერთხელ განკურნებული მტრედი შევაზარდე ჰაერს.

გვერდიგვერდ მდინარე სხვადასხვა  მდინარეებს მივყვებით

არ ვიცი როდის მაგრამ მწამს ისინი გადაჰკვეთენ ერთმანეთს აუცილებლობის მიღმა მეტაფიზიკურ შეუქცევადობაში.

ამბობ

ბევრი უცნაური ლანდი დაძრწის ტროტუარზე ჩემი სულის.

ისინი ჟღერს ტუჩებიდან გამოზრდილ სიტყვებს და ფეხისქვეშ სუსნაობენ ჩემს შემწვარ-მოხარშულ-მოხრაკულ-გადახრუკულ სხეულს.

იღლიაში ვრცელ შუქს ვმალავ, რომ მერე მისი ცხიმიანი მელოდია თითისგულებზე ჩამოვითვალო.

იზმორება მისი სხეული კანქვეშ დაბიჯებულ ცოცხალ არსებას.

ზურა ნეფარიძე & ნათია ჯღარკავა


დატოვე კომენტარი